თანამედროვე მსოფლიოს Top 10 არქიტექტურული შედევრი

გუგენჰაიმის მუზეუმი, ბილბაო, ესპანეთი, 1997
1.ამერიკელი არქიტექტორის, ფრენკ გერის მიერ შექმნილი გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ,,დღევანდელობის ყველაზე გამორჩეული ნაგებობა”. შენობა 1997 წელს გაიხსნა და მის ასაშენებლად 89 მლნ. დოლარი დაიხარჯა. მუზეუმი მოპირკეთებულია ტიტანის ფენებით, მინისა და ქვის პანელებით, შენობის კონსტრუქციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპიუტერულ გრაფიკასა და ვიზუალიზაციებს.



2. პეტრონას კოშკები, მალაიზია, 1998
მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მდებარე პეტრონას კოშკები 88 სართულიანი, 450 მეტრის სიმაღლის ტყუპი ცათამბჯენებია, რომლებიც ხიდით უკავშირდება ერთმანეთს. მშენებლობა 6 წელი მიმდინარეობდა (1992-1998 წწ) და 2004 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა, რომლის აშენებაც 800 მლნ. დოლარი დაჯდა. პეტრონას კოშკების დიზაინი ამერიკელ არქიტექტორს ცეზარ პელის ეკუთვნის. კოშკებში განთავსებულია ოფისები, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, სამხატვრო გალერეები.

3. ბურჯ ხალიფა, დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, 2010
დუბაიში მდებარე ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს ატარებს. 160 სართულიანი, 828.9 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი 6 წელი შენდებოდა, მისი აშენება 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა და 4 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. შენობის არქიტექტურა (ადრიან სმიტი), სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ეკუთვნის კომპანიას Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). ბურჯ ხალიფას მშენებლობაში გამოიყენეს ყველა თანამედროვე ტექნოლოგია: იგი ახდენს  მზისა და ქარის ენერგიის აკუმულირებას, რაც მას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, კონდიცირების განსაკუთრებული სისტემა კი ცათამბჯენში მუდმივად 18 გრადუსის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. შენობის სიმაღლის გათვალისწინებით, ირგვლივ 95 კმ-ის რადიუსის დათვალიერებაა შესაძლებელი.
4. რეიკიავიკის საკონცერტო და საკონფერენციო ცენტრი არფა (Harpa), ისლანდია, 2011
ცნობილი საკონცერტო დარბაზი ისლანდიის დედაქალაქში მდებარეობს, რომელიც ხელოვნებისა და ინჟინერიის ჰარმონიული შერწყმის შესანიშნავი მაგალითია. ეს გეომეტრიული სტრუქტურა რკინის კარკასისა და სხვადასხვა ფერის მინისგან შედგება, რომლის მისი აშენება 2011 წელს დასრულდა. შენობა დააპროექტა დანიურმა კომპანიამ Henning Larsen Architects. მისმა ღირებულებამ 164 მილიონი ევრო შეადგინა.


5. სინგაპურის ბაღები, 2012 
სინგაპურში, მარინას ყურეში, სინგაპურის მთავრობის პროექტის “ქალაქი ბაღებში” ფარგლებში,  101 ჰა ტერიტორიაზე გაშენდა უნიკალური რეკრეაციული კომპლექსი, რომელიც მოიცავს ხიდებს, მიწისზედა გადასასვლელებს, ბოტანიკურ პარკებსა და მცენარეებს, რომელთა 220 ათასი სახეობა ყველა კონტინენტიდან ჩაიტანეს. ბაღების ტერიტორიაზე განლაგებულია 25 -50 მეტრი სიმაღლის ე.წ. სუპერ-ხეები. ხეებს ერთმანეთთან აკავშირებს ხიდები, რომელიც საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს დატკბეს საოცარი ხედებით. ეს უნიკალური ხეები აღჭურვილია ფოტოელექტრული მზის სისტემით, რომელიც მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და დღის განმავლობაში დაგროვილი მზის ენერგია ღამის განათებისთვის გამოიყენება. ხეები წვიმის წყლის კოლექტორების როლსაც ასრულებენ. ამ საოცარი პროექტის აშენება 1 მილიად დოლარზე მეტი დაჯდა.



6. პიანინო სახლი, ჩინეთი, 2007 
სახლი-პიანინო საოცარი ნაგებობაა, რომელიც არაჩვეულებრივი ფორმით შეემატა უნიკალურ ნაგებობათა სიას. იგი აშენდა 2007 წელს, ჩინეთის ქალაქ ხუაინანში, სახლი ჰეფეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებმა დააპროექტეს. ამ ნაგებობას „პიანინოს და ვიოლინოს ფორმის შენობას“ უწოდებენ, რადგან არქიტექტურულ კომპოზიციაში შედის ორივე მუსიკალური ინსტრუმენტი. შენობა აგებულია უახლესი ტექნოლოგიური მასალებით. ამ არქიტექტურულ საოცრებაში გადაადგილება შუშის ვიოლინოს ფორმის ნაწილში განთავსებული ლიფტის საშუალებით ხდება, საიდანაც შემდეგ როიალის ფორმის უზარმაზარ დარბაზში მოხვდებით.
7. სელფრიჯის შენობა, ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი, 2003
2003 წელს ბირმინგემის ცენტრში აგებული ფუტურისტული სელფრიჯის სავაჭრო ცენტრის შენობა ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც ქალის სილუეტს წააგავს და პაკო რაბანის ცნობილი ჯაჭვებიანი კაბის ტექსტურის ფასადი აქვს. შენობის ლურჯი ფასადის მოპირკეთებას 15,000 ალუმინის დისკი დასჭირდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. შენობის არქიტექტურა ეკუთვნის კომპანია Future Systems-ს. 


8. ვალენსიის ოპერის თეატრი, ესპანეთი, 2005
„პალაუ დე ლეს არტს რეინა სოფია“ ვალენსიის ოპერის თეატრია, რომელიც 10 წელი შენდებოდა და 2005 წელს საზეიმოდ გაიხსნა. საოცარი შენობის არქიტექტორია მსოფლიოში სახელგანთქმული სანტიაგო კალატრავა. 40 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული თეატრი 4 ძირითადი დარბაზისგან შედგება და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ოპერის თეატრის სტატუსს ინარჩუნებს, რომლის სიმაღლე 75 მეტრს შეადგენს.
 
9. ლოტუსის ყვავილი, ჩინეთი, 2013
ლოტუსის შენობა ჩინეთში, ჯიანზუს პროვინციაში მდებარეობს, რომლის დიზაინი აყვავებული ლოტუსის ყვავილის ინსპირაციით შეიქმნა. იგი ხელოვნური ტბის ცენტრშია აგებული და მასში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო სივრცეები, ოფისები, ლოტუსის შიგთავსის მსგავსი ინტერიერით. გარე ფასადი მრავალფერად ნათდება ღამით და ფერთა კომბინაციას იცვლის ყოველ 20 წამში. შენობის დიზაინი ეკუთვნის ავსტრალიურ არქიტექტორულ კომპანიას studio505. მისი მშენებლობა 2013 წელს დასრულდა.

10. პეკინის ეროვნული სტადიონი, ჩინეთი, 2008
პეკინის ეროვნული სტადიონი, რომელსაც „ჩიტის ბუდესაც“ უწოდებენ ვიზუალური მსგავსების გამო, მდებარეობს პეკინში. მისი მშენებლობა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისათვის დასრულდა. აგებულია პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორების, ჰერცოგი და დე მერონის პროექტით. სტადიონის ღირებულება 428 მლნ. დოლარია.

Comments

Popular posts from this blog

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი შენობა-ნაგებობები

ქართველი კალათბურთელების TOP-5